საქართველო უძველეს ხანაში

1.ქვის ხანა

სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები უნდა ყოფილიყო პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისათვის. დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა პირველყოფილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები, რომელიც უძველესია მთელს ევრაზიაში. იგი 1 600 000 – 1 800 000 წლის წინანდელია.

პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი ქვა იყო. იგი იყენებდა ჯოხსა და ძვლის ნატეხებსაც. კაცობრიობის ისტორიის იმ პერიოდს, როდესაც ძირითადი იარაღი ქვა იყო, ეწოდება ქვის ხანა. ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად: პალეოლითი (ძველი ქვის ხანა), მეზოლითი (შუა ქვის ხანა), ნეოლითი (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.

ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალმთიან ზოლსაც. ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს კუდაროსა და წონას გამოქვაბულები.

ბუნებრივია, ქვის მარტივი იარაღით აღჭურვილი ადამიანი მარტო ვერ შეძლებდა არსებობას. იმისათვის, რომ aრსება, აუცილებელი იყო სხვა ადამიანებთან გაერთიანება. პირველყოფილი ადამიანები პატარპატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რომლებიც 20-30 კაცისგან შედგებოდა. ასე შეიქმნა პირველყოფილი ჯოგი, რომლის ძირითადი საქმიანობა ნადირობა და შემგროვებლობა იყო, ქვისაგან დამზადებული იარაღი კი- ძალიან მარტივი და პრიმიტიული: ხელცულები, საფხეკები, წვეტანები.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცეცხლის გამოყენებას. ცეცხლზე შემწვარი ხორცი ხელს უწყობდა ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.

ქვედა პალეოლითის ბოლოსა და ზედა პალეოლითის დასაწყისში, მომხდარი გლობალური გამყინვარების გამო, კავკასიაში საგრძნობლად აცივდა. გამყინვარებამ გავლენა იქონია ფლორაზე. შეიცვალა ადამიანის ცხოვრების პირობები. ჩვენი წინაპარი იძულებული გახდა დაეტოვებინა მაღალმთიანი ზოლი და საცხოვრებლად ბარის რაიონები აერჩია. უპირატესობა იმ ადილებს ენიჭებოდა, სადაც ბუნებრივი თავშესაფარი არსებობდა. ადამიანის სადგომები აღმოჩენილია დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, მღვიმევში და სხვ.

ზედა პალეოლიეთი დაიწყო 40-35 ათასი და დამთავრდა 12-10 ათასი წლის წინ. ამ დროს აღმოსავლეთ ამიერკავკასია გაცილებით უფრო სუსტად იყო ათვისებული. ადამიანი, ძირითადად, დასავლეთ საქარტველოში, უპირატესად, მდინარეების, რიონისა და ყვირილას აუზში ცხოვრობდა. იქ მრავლად არის ბუნებრივი გამოქვაბულები, რაც საცხოვრებლად გამოიყენებოდა.

თანდათან იხვეწებოდა ქვის დამუშავების ტექნიკა. ჩნდებოდა ახალი იარაღები: საფხეკები, საჭრისები, დანები, ფართოდ გამოიყენებოდა ძვლის და რქის იარარები. იარაღები მზადდებოდა ოფსიდიანისაგანაც.

თავად ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების წესიც იცვლებოდა. იქმნება ადამიანთა უფრო მყარი გაერთიანებები და იკვეთება ის ერთადერთი ნიშანი, რომლის მიხედვითაც ხდება გაერთიანება. ეს არის სისხლით ნათესაობა. ერთიანდებიან ნათესავები, ერთი გვარის წამომადგენლები. პირველყოფილი ჯოგი ადგილს უთმობს გვაროვნულ თემს. გვარში წამყვანი როლი ქალს ეკუთვნოდა და ნათესაობაც დედის მხრიდან გადადიოდა. ამას განაპირობებდა რამდენიმე მიზეზი: ოჯახის არარსებობა, შემგროვებლურ მეურნეობაში ქალის წამყვანი როლი. სანადიროდ წასული მამაკაცები შეიძლება რამდენიმე დღეს არ დაბრუნებულიყვნენ. ამ დროს ყველაფერს ქალები აკეთებდნენ. მათი საქმიანობა უფრო შემოსავლიანი იყო, რადგან ტყეში ნაყოფის მოძებნა ყოველთვის შეიძლებოდა, ნადირობისას კი მამაკაცს შეიძლებოდა ხელი მოსცარვოდა. კაცობრიობის ისტორიაში ამ პერიოდს მატრიარქატი ანუ დედამთავრული გვარი ეწოდება.

უკვე პალეოლითის ხანაში ჩნდება პირველი რელიგიური წარმოდგენები. ისინი ძალიან მარტივი იყო და ძირითადად ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კავკასიაში გავრცელებული იყო ე. წ ,,დათვის კულტი’’. შენიშნულია, რომ ზოგიერთ გამოქვაბულში დათვის თავის ქალები საგანგებოდ გამორჩეულ ადგილებზე ელაგა. ამავე პეროდში ჩაისახა ხელოვნებაც. ადამიანი იწყებს პრიმიტიულ ხატვას, ძერწვას.

ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება მეზოლითის ხანა, რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დამთავრდა. მეზოლითის დროს ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და ლანდშაფტი, რომელიც დღეს არსებობს. კავკასიაში იწყება დათბობა, რაც ხელს უწყობდა ადამიანის განსახლების არეალის გაფართოებას, კვლავ მიმდინარეობდა მთის ზოლის ათვისება.

მეზოლითის აგრძელებს ნეოლითის ხანა. სწორედ ამ დროს ხდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ადამიანის ცხოვრების წესში. იწყება მწარმოებლური მეურნეობის განვითარება, საფუძველი ეყრება მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. ადმიანი უკვე მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ხდება საკვებით და აღარ არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე.

მიწას ამუშავებენ ქვის თოხით, ხის საჩიჩქნით, რქით. მოსავლის აღებისას იყენებენ კაჟისაგან დამზადებულ ნამგლის პირებს. სავარაუდოა, რომ ძირითადი მარცვლეული კულტურა იმ დროისათვის ფეტვია. მოჰყავდათ ხორბალი და ქერიც. მიწათმოქმედების განვითარება თავისთავად მოითხოვდა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლას. გაჩნდა სოფლის ტიპის სამოსახლოები. იწყება პრიმიტიული საცხოვრებლების აგება. კიდევ უფრო უმჯობესდება ქვის დამუშავება. შესაძლებელი ხდება ქვის გახვრეტა, გახერხვა, გაპრიალება და გახეხვა. საფუძველი ეყრება მეთუნეობას. განსაკუთრებით ვითარდება ეს დარგი სამეთუნეო დაზგის გამოგონების შემდეგ. სულ უფრო ფართოდ გამოიყენება თიხისაგან დამზადებული ჭურჭელი. ადამიანმა ისწავლა რთვა და ქსოვა.

მეურნეობის განვითარება და საარსებო პირობების გაუმჯობესება იწვევდა მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას. ადამიანი სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე სახლდებოდა.

ნეოლითურ ხანის ძეგლები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოშია აღმოჩენილი. კერძოდ, ასეთი ძეგლები გვხვდება: ხუცუბანში, ანასეულში, ქობულეთში, თეთრამიწაში. აღმოსავლეთ საქართველოში ადამიანი ინტენსიურად სახლდება ნეოლითის ბოლო ეტაპზე, როდესაც იწყება ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარება.

 

2. ბრინჯაოს ხანა

განვითარების გარკვეულ ეტაპზე ადამიანი ქვის იარაღის პარარელურად იწყებს ლითონის იარაღის გამოყენებას. პირველი ლითონი, რომლისგანაც ხდებოდა სხვადასხვა იარაღის დამზადება, იყო სპილენძი. სპილენძი შედარებით დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა. იგი რბილი ლითონია და ადვილად შეძლებოდა მისი გამოჭედვა. მართალია, სპილნეძისაგან დამზადებული იარაღი გაცილებით უფრო მოსახერხებელი იყო, ვიდრე ქვისაგან გაკეთებული, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავ ფართოდ გამოიყენებოდა ქვის იარაღი. იმ ხანას, როდესაც ერთდროულად გამოიყენებოდა ქვისა და სპილენძის იარაღი, ენეოლითის ხანა ეწოდება. საქართველოში იგი ძველი წელთაღრიცხვით V-IV ათასწლეულებს მოიცავს.

ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევარში საქართველოში იწყება ბრინჯაოს ხანა. ბრინჯაო თვითნაბადი სახით ბუნებაში არ არსებობს. ის მიიღება სპილენძში სხვადასხვა ნივთიერებების (ანთიმონი, კალა, დარიშხანი) შერევით. სპილენძისაგან განსხვავებით, ბრინჯაოს იარაღი გაცილებით უფრო მაგარია. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად: ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანად.

ადრე ბრინჯაოსხანაში სამხრეთკავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა. განვითარების კიდევ უფრო მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეთუნეობა. როგორც ჩანს, ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია. ამ პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია თხის ყალიბები, ქურის ნაშთები. საუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას, მიწის დასამუშავებლად უკვე გამოიყენება გამწევი ძალა – ხარი. მოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალი. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი. ცხენის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს: იოლი ხდება შორ მანძილზე გადაადგილება, რაცთავის მხრივ ხელს შეუწყობსკავშირ-ურთიერთობების გაფართოებას. ცხენოსანი ჯარის გამოყენებაცვლის სამხედრო სტრატეგიასაც და სხვ. მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარება, მეტალურგიის დაწყება) აისახება საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. ნელ-ნელა წინაურდება მამაკაცი. გვარში ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლს. მატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი (მამამთავრული გვარი) იკავებს.

ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოს იწყება შუა ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდის ნასახლარები აღმოჩენილია როგორც ბარში. ასევე მთის ზოლში. კიდევ უფრო ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი, კალიანი ბრინჯაოს ნივთები (მანამდე ძირითადად გავცელებული იყო დარიშხანიანი ბრინჯაო). კავკასიაში კალა არ მოიპოვებოდა და, სავარაუდოა, რომ ის სამხრეთიდან შემოჰქონდათ. განვითარების მაღალ დონეს აღწევს ოქრომჭედლობა. აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის მძივები, მილაკები. წნორის ყორღანში ნაპოვნია ლომის პატარა ოქროს ქანდაკება. ოქრომჭედლობის განვითარებას ხელს ისიც უწყობდა, რომ ოქრო ადგილობრივად მოიპოვებოდა და მისი შემოტანა საჭირო არ იყო.

შუა ბრინჯაოს ხანაში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. მისთვის დამახასიათებელია დიდი ყორღანების არსებობა. ყორღანების სიმაღლე 10 – 12 მეტრს, ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე აღწევდა. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავიდარბაზი. ამ ტიპის ყორღანების აგება სამშენებლო ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვდა. სავარაუდოა, რომ ამკულტურის წარმომადგენლები სამარხის აგებას დიდ დროსა და ენერგიას ახმარდნენ. დიდ ყორღნებში საზოგადოების რჩეულნი (ტომის ბელადები,ცალკეული გვარის წინამძღოლები) იკრძალებოდნენ. წესადიყო მირებული მიცვალებულის კრემაცია და შემდეგ ეტლით ან ხის სარეცელით დასაფლავება. ყორღანებში გვხდება მიცვალებულისთვის ჩატანებული სხვადასხვა ნივთი: ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები, კერამიკული ნაწარმი, ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული თასები, სასმისები. თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩნდა ოქროს სასმისი, რომელიც გარედან შემკულია სარდიონისა და მინის თვლებით.

ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის პირველნახევარში იწყება გვიან ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება აღმოსავლეთ ქართული და დასავლეთ ქართული გვიან ბრინჯაოს ხანის კულტურა. საყოველთაოდ ცნობილია კოლხური ბრინჯაოს ცულები. ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში კოლხური კულტურა თავისი განვითარების მწერვალს აღწევს. ნელ-ნელა ისახება რკინის მეტალურგიაც. რკინის ფართო გავრცელება ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან იწყება.

მეურნეობის წინსვლა და განვითარება გვაროვნულითემის დაშლას იწვევს. ცალკეულ ოჯახებს უკვე შესწევთ ძალა საკუთარ მეურნეობას დამოუკიდებლად გაუძღვნენ. გვარში ცხოვრება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ადამიანებს შეუძლიათ ცალკე გავიდნენდა თუნდაც სხვა გვარის ტერიტორიაზე დასახლდნენ. მათ აერთიანებთ უკვე არა იმდენად ნათესაობა, რამდენადაც მეზობლობა ანუ ტერიტორიული სიახლოვე. გვაროვნული თემი იცველბა სამეზობლო თემით. ამავე დროს ჩნდება კერძო საკუთრება.მეურნეობის განვითარებისმაღალი დონე საშუალებას იძლევა შეიქმნას ჭარბი პროდუქტი, რომლის გაცვლაც შეიძლება. სანამ ყველაფერი თემის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, მისი წევრები თანასწორნი იყვნენ, რადგან მოქმედებდა თანასწორი განაწილების პრინციპი. კერძო საკუთრების წარმოშობა უკვე ბუნებრივად გულისხმობს უთანასწორობას: მოსახლეობის ნაწილი მდიდრდება, ნაწილი ღარიბდება. ღარიბი იძულებულია მდიდარს სთხოვოს დახმარება და სანაცვლოდ რაღაც შესთავაზოს. წინაურდება ტომის არისტოკრატია: ტომის ბელადი და მასთან დაახლოებული წრე, ქურუმები. ისინი იბრძვიან, რომ ბელადის არჩევითობა მემკვიდრეობითობით შეცვალონ. ხშირდება ტომთა შორის შეტაკებები. თუ ადრე გამარჯვებული ტომის წევრები ალაფს თანაბრად ინაწილებდნენ, ახლა ტომის არისტოკრატია უფრო მეტს იღებდა. ბრძოლაში აყვანილ ტყვეებს მონებად აქცევდნენ. ძლიერი ტომი სუსტს იმორჩილებდა და გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა. იქმნება ტომთა კავშირები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: