მუცოს მხოლოდ ორი შესასვლელი ჰქონდა: ქვემოდან – მდინარის მხრიდან და ზემოდან – კლდის ფერდობზე მიმავალი ვიწრო გზა. გადმოცემის მიხედვით, ქვემო მხრიდან სოფელი ქვითკირის გალავნით იყო დაცული, რომელიც შეღამებისას იკეტებოდა და მას მეციხოვნენი დარაჯობდნენ. დაგვიანებულ მგზავს და მონადირესაც არ შეეძლო ღამით სოფელში შესვლა, თუ გალავნის იქით ისარს არ ისროდნენ და მეციხოვნეებს არ დაარწმუნებდნენ, რომ გალავანს გადმოღმა ნამდვილად მუცოელი იდგა. მუცოელებს თავისებური, გამორჩეული ისრები ჰქონდათ. სხვანაირი იყო მათი მშვილდებიც: ჯიხვის რქის ნაწილებისგან აწყობილი – მოკლე და ძნელად მოსადრეკი. ასეთი მშვილდი გუდანის ჯვარში ინახებოდა და ყველაზე ღონიერ ახალგაზრდებსაც უჭირდათ მისი მოდრეკა.
როცა თოფი და ტყვია შემოვიდა, მუცოელებმა მაშინაც გამოიჩინეს თავი. მუცოსთან შორიახლოს, კლდეში დღესაც მოიპოვება გოგირდის შემცველი, თოფის წამლისათვის საჭირო ნაღვენთი, რომელსაც „ჩქას“ იფნის ხის ნახშირში ურევდნენ, ჩეჩქავდნენ, ხარშავდნენ და დენთის განსაკუთრებული ტექნოლოგიით ამზადებდნენ. დღეს ის აღარავის ახსოვს.
მუცოს ზედა ნაწილში დღემდეა შემორჩენილი ოდნავ გვერდზე გადახრილი და კუთხეჩამონგრეული შეთეკაურთ (ჩოლოხათ) ციხე, რომელიც თავიდანვე გადახრილი აუგიათ. ციხე–სოფელი განლაგებულია რთული რელიეფის სამ ტერასაზე. ნაგებობები ფიქლისაა, წყობა – მშრალი. ჩრდილოეთიდან დაცულია თორღვაის კოშკით, სამხრეთიდან ციხე–სახლებით, ხოლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან – ციცაბო კლდის ქარაფებით. ტერასის შუა ნაწილში წმ. გიორგის ხატი და მაღალი სათვალთვალო კოშკია. ხატის ახლოს, სამხრეთით, იყო ეზო, ე.წ. „ბროლის კალო“, ციხე სოფლის ყველა ქუჩას, ჩიხს, შესახვევს ან კიდეებს სათავდაცვო, საფორთიფიკაციო დანიშნულებითაც აშენებდნენ. ციხე–სოფლის მესამე, ქვედა ტერასაზე, დაბლა, სოფლის სასაფლაოა. სადაც, განლაგებულია სამლოცველოები, მათ ადგილებს მოსახლეობა აკლდამებადაც იყენებდა.
თუმცა დღესდღეობით მუცო დაცარიელებულია, სოფელში რამოდენიმე კლდეზე აგებულ სახლს თუ წააწყდებით. თვითონ მუცოს კოშკში კი დიდი ხანია არავინ ცხოვრობს,ეს ულამაზესი და ღირშესანიშნავი ადგილი დანგრევის პირასაა მისული რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს…









